საგნის სწავლების მეთოდოლოგია

                                          ბიოლოგიის სწავლების მეთოდოლოგია

ბიოლოგიის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხია სწავლების მეთოდები. მათზე გავლენას ახდენს ბიოლოგიურ მეცნიერებათა თეორიული და პრაქტიკული განვითარება, მეთოდოლოგიის ტენდენციები, ბიოლოგიის დიდაქტიკისა და მეთოდიკის მიღწევები. მეთოდი (ბერძ. methodos – შემეცნების გზა), ფართო მნიშვნელობით, არის მოწესრიგებული საქმიანობა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. სასწავლო მეთოდი კი წარმოადგენს მასწავლებლისგან მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემის და მოსწავლის მიერ ამ ცოდნის ათვისების გზას. ყოველგვარი მეთოდი გულისხმობს ორ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: მასწავლებელ-გადამცემს და მოსწავლე-მიმღებს/ამთვისებელს. ამ ურთიერთქმედების ხასიათი დამოკიდებულია მესამე მნიშვნელოვან კომპონენტზე – ცოდნის წყაროზე.
ცოდნის წყარო დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, რომელიც წამყვანია საგანმანათლებლო პროცესში და ხელს უწყობს სწავლების მიზნის მიღწევას.
პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ბიოლოგიის სწავლების სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც შეიძლება დავაჯგუფოთ მეტ-ნაკლებად საერთო ნიშნების მიხედვით. ეს ნიშნებია:
* ცოდნის მიღების წყარო;
* მასწავლებლის ქმედება სწავლების პროცესში;
* მოსწავლის ქმედება სწავლის პროცესში.
ამ თვისებების მიხედვით შეიძლება გამოიყოს მეთოდთა სამი ჯგუფი:
* ვერბალური (ცოდნის ერთი წყარო – სიტყვა);
* თვალსაჩინოებისა (ცოდნის ორი წყარო – სიტყვა და თვალსაჩინოება);
* პრაქტიკული (ცოდნის სამი წყარო – სიტყვა, შესასწავლი ობიექტი და საგნის პრაქტიკული კვლევა).
ვერბალურ მეთოდებს მიეკუთვნება: თხრობა, საუბარი, ახსნა-განმარტება, ლექცია. აქ მასწავლებლის ქმედება გამოიხატება სიტყვით, ხოლო მოსწავლის ძირითადი ქმედებაა მოსმენა, ზეპირი ან წერილობითი პასუხების გააზრება.
თვალსაჩინოების მეთოდებს მიეკუთვნება ცდებისა და თვალსაჩინო მასალის დემონსტრირება, საგნებისა და მოვლენების ნატურალური ან გამოსახულების (სურათი, სქემა, მულაჟი, მოდელი) სახით ჩვენება.
მასწავლებელი სიტყვიერად უწევს ორგანიზებას შესასწავლი ობიექტის დათვალიერებას, მასზე დაკვირვებას, ხოლო მოსწავლეები მისი მითითების საფუძველზე გაიაზრებენ, გამოაქვთ დასკვნები და იძენენ ცოდნას.
პრაქტიკულ მეთოდებს ბიოლოგიაში მიეკუთვნება სამუშაოები შესასწავლ ობიექტზე ან სახელმძღვანელოზე.
განვიხილოთ ბიოლოგიის გაკვეთილზე გამოყენებული რამდენიმე მეთოდი:
თხრობა. თხრობისათვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ელემენტი: კვანძის შეკვრა, კულმინაცია და კვანძის გახსნა. თხრობას პედაგოგი გაკვეთილზე იყენებს ისეთი ინფორმაციის გადასაცემად, როგორიცაა, მაგალითად, დიდი აღმოჩენების ისტორია, მეცნიერთა ბიოგრაფიები, რაიმე მოვლენის ან ფაქტის აღწერა. თხრობა მალე ღლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით – უმცროსკლასლებს, რადგან მათ უჭირთ ყურადღების მობილიზება 10-25 წუთზე მეტხანს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს და რამდენიმე კითხვასა და მოკლე შინაარსის გადაცემას დასჯერდეს.
საუბარი. სიტყვიერი მეთოდის ეს სახესხვაობა გულისხმობს სასწავლო მასალის განხილვას კითხვა-პასუხის ფორმით, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლას.
საუბრის მიზანი განისაზღვრება კონკრეტული კითხვით, რომელიც უნდა გაიხსნას მოსწავლეთა ცოდნის მობილიზებით. საუბარი სრულდება დასკვნების გამოტანითა და განზოგადებით.
საუბარი იმართება ნაცნობი ან ნაწილობრივ ნაცნობი მასალის შესახებ. მას ხშირად იყენებენ განვლილი მასალის გამეორების დროს, ახსნილი მასალის განსამტკიცებლად გაკვეთილის ბოლოს, ახალი თემის დაწყებისას, რათა მოსწავლეები მოემზადონ ახალი ინფორმაციის აღსაქმელად. გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელმა თანდათან უნდა გაართულოს საუბარში ჩართული კითხვები.
სასწავლო პროცესში შეიძლება გამოვყოთ საუბრის შემდეგი ფორმები: შესავალი; ცოდნის განზოგადება; ცოდნის განმტკიცება; საკონტროლო-მაკორექტირებელი საუბარი (შესწორება).
საუბრის წარმართვისას აუცილებელია შემდეგი მეთოდური მოთხოვნების გათვალისწინება:
. სწორად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ კითხვები;
. კითხვები ისე იყოს შერჩეული, რომ პასუხები გამომდინარეობდეს შესასწავლი მასალის შინაარსიდან;
. მოსწავლეთა ყურადღება მიმართული იყოს მასალის მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხებისკენ ისე, რომ გამოყენებულ იქნეს მათი წინარე ცოდნა ან ცხოვრებისეული გამოცდილება;
. გათვალისწინებულ იქნეს კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს მიაჩვევს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას (კითხვები განსჯისათვის).
ახსნას ბიოლოგიაში ხშირად იყენებენ. მას ახასიათებს სასწავლო მასალის მკაფიო, ლოგიკური გადაცემა ფაქტებისა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე და, დასასრულ, დასკვნების ფორმულირება. ახსნა მოიცავს მსჯელობასაც. ახსნას მიეკუთვნება პრაქტიკული სამუშაოს ჩატარების ინსტრუქტაჟიც, რომელიც უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და ზუსტი.
სასკოლო სასწავლო ლექცია გულისხმობს სასწავლო მასალის ზეპირ გადაცემას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს. მასალის შინაარსისა და მოსწავლეთა ცოდნის გათვალისწინებით, ლექცია შეიძლება გადაჯაჭვული იყოს თხრობასთან ან საუბართან. ლექციაზე, წესისამებრ, განიხილავენ დიდი მოცულობის სასწავლო მასალას ან სახელმძღვანელოში არასათანადოდ გაშუქებულ საკითხს.
დემონსტრირებას ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად მიმართავენ. ის ემყარება ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას. ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა აუდიო- და ვიზუალური გზით ერთდროულად მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შეუძლია როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს. ეს მეთოდი გვეხმარება, თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაზუსტოთ, რისი გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად. ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
ნახატი. მნიშვნელოვანია დაფაზე შესრულებული ნახატი, სქემა. ამ დროს მოსწავლეთა ყურადღება კონცენტრირებულია დეტალებზე, რომელთა შესახებაც ლაპარაკობს მასწავლებელი.
ბიოლოგიის სწავლების პრაქტიკული მეთოდები მრავალფეროვანია. მათ შორისაა:
. სამუშაო ობიექტის განსაზღვრა, ამოცნობა და აღწერა;
. ცდების ჩატარება;
. ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება.
ამ მეთოდებს იყენებენ მორფოლოგიური, ანატომიური, სისტემატიკური, აგრეთვე ევოლუციური და ეკოლოგიური შინაარსის მასალის შესწავლისას.
პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრაქტიკული მეთოდების გამოყენება მოითხოვს გარკვეული რაოდენობის დასარიგებელი მასალის ქონას.
დაკვირვება ორგვარია: მოკლევადიანი/ხანმოკლე და გრძელვადიანი/ხანგრძლივი.
მოკლევადიანი დაკვირვება ცოტა დროს მოითხოვს და შეიძლება ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესშიც, გამოვიყენოთ ექსკურსიაზეც. ის ყოველთვის სრულდება მასწავლებლის მითითებით.
გრძელვადიანი/ხანგრძლივი დაკვირვება გამოიყენება ისეთი საკითხების შესწავლისას, როგორიცაა, მაგალითად, თესლის გაღვივება, კვირტის ან აღმონაცენის ზრდა-განვითარება, ბუნებაში ფენოლოგიური დაკვირვება.
ექსპერიმენტს როგორც პრაქტიკულ მეთოდს ხშირად იყენებენ ფიზიოლოგიური და ეკოლოგიური მასალის შესწავლისას. ისიც ორგვარია – ხანმოკლე და ხანგრძლივი. ხანგრძლივი ექსპერიმენტი იწყება გაკვეთილზე, კლასგარეშე წრეზე ან სახლში; მერე, განსაზღვრული პერიოდულობით, ხდება დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, დახარისხება და ა. შ.
სწავლების მულტიმედიური მეთოდი გულისხმობს სწავლებას ინტერნეტითა და მულტიმედიური საშუალებებით. სწავლების მულტიმედიური საშუალებები შეიცავს ვერბალურ (მასწავლებელი მოუთხრობს, მოსწავლეები უსმენენ), სადემონსტრაციო (მასწავლებელი აჩვენებს, მოსწავლეები აკვირდებიან) და პრაქტიკულ (მოსწავლეები ახორციელებენ ქმედებებს, მასწავლებელი ხელმძღვანელობს, უწევს ინსტრუქტაჟს) ნიშნებს, ამიტომ მას კომპლექსურსაც უწოდებენ.
სწორედ სხვადასხვა საშუალებით ინფორმაციის გადაცემაა მულტიმედიური მეთოდის გამორჩეული თავისებურება. ბიოლოგიის სწავლებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მულტიმედიური ლექცია, მულტიმედიური პრაქტიკული სამუშაო, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შეასრულოს ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაო ან ვირტუალურად იმოგზაუროს ბუნებაში.
სწავლების დროს გამოყენებულ ყველა მეთოდს აქვს განსაზღვრული ფუნქცია, უმთავრესად – სასწავლო, განმავითარებელი, აღმზრდელობითი, წამახალისებელი, შემაჯამებელ-მაკონტროლებელი. მათი საშუალებით ხდება მოსწავლეთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ ერთი და იგივე მეთოდი, სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, სხვადასხვა ინტენსივობით გამოიყენება. მათი განვითარება განისაზღვრება სამი პარამეტრით:
. მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ზრდით სწავლების პროცესში;
. მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანების გართულებით;
. მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის ზრდით.
მთლიანი სასწავლო პროცესისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის სწავლება. სწავლების მეთოდების არჩევანი ობიექტურად მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმთავრესად – გაკვეთილის მიზანზე, სასწავლო მასალის შინაარსზე, მატერიალურ ბაზაზე, მოსწავლეთა ასაკსა და მომზადების დონეზე. ამ ფაქტორების ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, სწორი ორიენტირი მოიძიოს და შეარჩიოს კონკრეტულ სიტუაციას მორგებული აქტივობები.
ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმების მეთოდიკა სწავლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მიზანია ეფექტური უკუკავშირი – იგი იძლევა იმის შემოწმების საშუალებას, როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა, ეხმარება მასწავლებელს, გააანალიზოს თავისი პედაგოგიური საქმიანობა, მიღწევები, აღმოაჩინოს და აღმოფხვრას ხარვეზები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის, ასევე თავად მასწავლებლისთვის.


საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო განათლების მნიშვნელობა

თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და  უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს:             
·           გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·           განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·           ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·           გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·           განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილიგანსაზღვრა;
·           მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
·           გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.

ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიებს უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).



 რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი



რას ნიშნავს, როგორია  კარგი გაკვეთილი?  ეს კითხვა სასკოლო  სფეროში დასაქმებული ადამინიებისთვის  საინტერესოა,  ალბათ,  ყველას  აქვს ნაფიქრი ამ თემის შესახებ.
მიმდინარე წლიდან  საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს, გამომდინარე იქიდან, რომ  როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალური პირებისგან ითქვა,  სახელმწიფო დაიწყებს ვიდეო გაკვეთილების შეფასებას.  ეს იქნება გარე შეფასების კომპონენტი, ახალი სქემის მიხედვით.
შეფასებას  სჭირდება გარკვეული კრიტერიუმები,  რითაც უნდა იხელმძღვანელოს შემფასებელმა,  ამ შემთხვევაში, შეფასებისა  და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.  თუ რა კრიტერიუმებია, რომელიც განსაზრვრავს რომელი ჩაითვლება კარგ გაკვეთილად,  რომელი არა?  ამ ეტაპზე არ არის ცნობილი,  ამიტომ “სასკოლო კვლევების ცენტრმა” გადავწყვიტეთ შევკრიბოთ და შევაჯამოთ ის ცოდნა,  რაც ამ საკითხზე არსებობს თვითონ პრაქტიკოსებში. ამ მიზნით,  ჩატრადა ონლაინ გამოკითხვა, სადაც 30- მდე მონაწილემ ( მასწავლებლები, მშობლები , მოსწავლეები) გამოთქვა საკუთარი აზრი,  იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი.  ასევე მოხდა საერთაშორისო  ექსპერთა ნააზრების გაანალიზება. შედეგად  ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე კრიტერიუმი,  რაც უნდა ახასიათებდეს კარგ გაკვეთილს.
ვფირობთ,  აღნიშნული კრიტერიუმების  ცოდნა დაეხმარება  პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა თემით დაინტერესებულ პირებს  საკუთარ საქმიანობაში.
ვნახონთ  კრიტერიუმები:
  • მოსწავლეთა  ჩართულობა
კარგია გაკვეთილი,  როცა  მიუხედავად  რაოდენობისა,  ყველა მოსწავლეა მასში ჩართული,  ყველას ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს,  როგორც ყველა მოსწავლის  ერთ რაიმე დავალებაზე ფოკუსირებას,  ასევე  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეების აქტივობებს.  მთავრია,  რომ არც ერთი მოსწავლე არ იყოს გაკვეთილის დროს გამოთიშული იმ პროცესისაგან,  რასაც პედაგოგი წარმართავს.  ამას მასწავლებელი უნდა აღწევდეს მხოლოდ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე მანიპულირებით და არა ძალდატანებით.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“ კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი ყველანაირად  ცდილობს, საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია და მოსწავლეებს არ აძლევს გაკვეთილიდან გათიშვის საშუალებას, სხვადასხვა აქტივობებით,  რომ არის გაკვეთილი დატვირთული იმით და არა სიმკაცრით და დასჯით.
  • თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლეს
კარგია გაკვეთილი, როცა ყველა მოსწავლეს ეთმობა თანაბარი ყურადღება, არა მარტო მასწავლებლის,  არამედ სხვა მოსწავლეების მხრიდანაც, რათქმაუნდა, ამ პროცესს მასწავლებელი წარმართავს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მშობლის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილი აუცილებელია იყოს თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული,წინასწარ დაგეგმილი და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში. კარგი გაკვეთილი უნდა იწყებოდეს განწყობის შექმნით,  მიზნების გაცნობითა და ჩასატარებელი აქტივობების მოკლე მიმოხილვით.გასათვალისწინებელია წინარე ცოდა, მაგრამ ახალი საინტერესო მასალაც გარკვევით უნდა მივაწოდოთ მათ. მოსწავლების მოსაზრებები უნდა იყოს პრიორიტეტული, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მათი მანიპულირება, გამართოს დისკუსიები და მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხები.  გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები, მოძიებული ვიდეო მასალები, აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით შექმნას პრეზენტაციები და კლასის მართვის პროგრამით ან პროექტორის საშუალებით გაუზიაროს მოსწავლეებს”
  • უნარების განვითარება
კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რაიმე კონკრეტული უნარის ან  უნარების განვითერებაზე მაგალითად, ეფექტური  კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების,  ადაპტაციის უნარები. ამისთვის საჭიროა, რომ შინაარსის გარდა  დიდი ყურადღება იყოს დათმობილი  სწავლების მეთოდზე, ანუ იმაზე,  თუ როგორ  ასწალის პედაგოგი. სწორედ მეთოდები განსაზღვრავენ უნარების განვითარებას ბავშვებში:  მაგალითად,  ჯგუფური სამუშაოებით ისინი სწავლობენ გუნდური მუშაობის უნარს, რაც საკმაოდ ფასობს დღეს.  ტექნოლოგიის გამოყენებით გაკვეთილზე იძენენ ტექნოლოგიის მართვის უნარებს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“გაკვეთილი კარგია მაშინ, როცა სასწავლო  მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობასთან,როცა თითოეული აქტივობის შემდეგ მიღწეულია შედეგი.ხდება არსებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერება,გამოწვევის ფაზაზე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება.კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა საჭიროებების განვითარებას.”
  • მასწავლებლის  როლი
კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი  ასრულებს   აქტივატორის როლს სააზროვნო კითხვების დასმით,   არ უთმობს  დიდი დროს საკუთარ საუბარს, აძლევს მოსწავლეებს  აზრების გამოთქმის საშუალებას.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“კარგია გაკვეთილი, როცა ძირითადად აქტიურები არიან ბავშვები და მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში,ოღონდ არა  მარტო ერთეულე მოსწავლეები  აქტიურობენ არამედ ყველა შეძლებისდაგვარად
 ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის მოსაზრება:
“რას ნიშნავსკარგი გაკვეთილი ? – გაკვეთილი ნიშნავს სასკოლო პროცეს,  რომელშიც ერთდროულად იქნება დისკუსია და პოზიციების გაცვლა- გამოცვლა და არა მასწავლებლის გაუთავებელი შენიშვნები !”

  • ტექნოლოგიების გამოყენება
კარგი გაკვეთილი  აუცილებლად უნდა იყენებდეს ტექნოლოგიას შესაბამისად.  რაც სწავლას გაცილებით საინტერესოს ხდის.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე  პედაგოგის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილია, როცა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითაა გაკეთებული”

“კარგად დაგეგმილი პროცესი, მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება, რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “  –მასწავლებელი
  • საკლასო ოთახის დიზაინი
კარგია გაკვეთილი,  სადაც საკლასო ოთახის დიზაინი,   მერხების განლაგება, წყობა  შეესაბამება კონკრეტულად იმ გაკვეთილის თემას და აქტოვიბას.  კარგია თუ  მოსწავლეები გავეთილის დაწყების წინ თვითონ იზრუნებენ გარემოს  დიზაინზე. მასწავლებელი კი ამ ყველაფრის ინიციატორი და ხელშემწყობი იქნება.
  •  კარგი გაკვეთილის შედეგი
კარგი გაკვეთილი  უნდა ანგრევდეს  მოსწავლეებში გარკვეულ სტატუს-ქვოს აზროვნების თვალსაზრისით,  ანუ კარგი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს რაიმე ახლის აღმოჩენის  საშუალება. უნდა  უტოვებდეს  მათ საფიქრალს, უნდა აფიქრებდეს მათ  გაკვეთილის შემდეგაც საგაკვეთილო თემაზე.
  • კავშირი რეალურ ცხოვრებასთან
კარგია გაკვეთილი, როცა მოსწავლე ხედავს უშუალო კავშირს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და  სწავლას შორის,  არ უნდა იყოს საგაკვეთილო თემა აბსტრაქტული.
  •  სახალისო
კარგია გაკვეთილი,  როცა  მოსწავლეებს  უხარიათ იქ შესვლა  არის სახალისო, გარკვეულიწილად.
გამოკითხვაში მონაწილე დაწყებითი კლასების პედაგოგი:
“სტრუქტურულად გამართული,აქტივობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პროგრამასთან, მოსწავლეთა დონე და შესაძლებლობები გათვალისწინებული.რესურსები დახვეწილი და საგაკვეთილო მასალას მისადაგებული.შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური.სახალისო და დაძლევადი”

ნახეთ  გამოკითხვაში მინაწილეთა  სხვა საინტერესო მოსაზრებებებიც:
“კარგი გაკვეთილი არის ის 45 წუთი როდესაც ბავშვები საათს არ უყურებენ. არიან ჩართულები გაკვეთილის მსვლელობაში, სვამენ თემატურ კითხვებს, იღებენ ზუსტ და ამომწურავ პასუხებს ოღონდ აქ არ ვგულისხმობ გამზადებულ და ლექსად ნასწავლ პასუხებს. საუკეთესო გაკვეთილი ისაა სადაც ზმნის უღლებასაც სწავლობ, ან ტრიგონომეტრიასაც და მათ ცხოვრებისეულ დანიშნულებასაც”. – სტუდენტი
“რაც მთავარია გაკვეთილზე მასწავლებლი უნდა ანხორციელებდეს    დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას.  მოსწავლეები კი უნდა ახდენდნენ ვარაუდების გამოთქმას ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას” -პედაგოგი
 “თითოეული  გაკვეთილისთვის (და არა  მხოლოდ,,ღია გაკვეთილისთვის”) კარგი  პედაგოგი კარგადაა  მომზადებული. ასეთ გაკვეთილზე მასწავლებელი ბოლომდე  იხარჯება,  მოსწავლეების  დაინტერესებაზე ზრუნავს,  კლასში რთულ  საკითხებს  მარტივად  გადმოსცემს  და პროგრამას ხელოვნურად  არ ართულებს, ნებისმიერ  კითხვაზე   არა დამთრგუნველი   პასუხის გაცემა შესწევს. ვფიქრობ,  მხოლოდ  ამ შემთხვევაში  და  ასეთმა პედაგოგმა   უნდა მიიღოს კლასში საკუთარი მოსწავლეებისაგან  შედეგი. საბედნიეროდ,  ასეთი პედაგოგები  მრავლად არიან, სწორედ ასეთები  უნდა ქმნიდნენ ამინდს სკოლაში  და არა ის მასწავლებლები,  რომლებიც უსამართლობას, შუღლს, დაზუთხვას, დამატებითი გაკვეთილების აუცილებლობას    აიძულებენ  და  სასწავლო პროცესში  ძალადობრივ  მეთოდებს  იყენებენ.  საქართველოში  სკოლების მთავარი პრობლემა – ავტორიტარიზმია.  მოსწავლეს  კლასში რა უნდა მოსთხოვოს  მოძალადე პედაგოგმა? ” –   მშობელი

“გაკვეთილი გამოვა კარგი, თუ, უპირველეს ყოვლისა, მოხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოლუსების დაახლოება, იერარქიის დაძლევა, მაგრამ არა ურთიერთპატივისცემის გაქრობის ხარჯზე, პირიქით – მოსწავლე პედაგოგისგან იმხელა პროფესიონალიზმს, თავმდაბლობას  და სიყვარულს უნდა გრძნობდეს, რომ ადამიანურობა გადამდები აღმოჩნდეს მოსწავლეზე. ხოლო, თუ რა არის პროფესიონალიზმი პედაგოგისგან, მოგახსენებთ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ქვია ისეთს, რომელიც, ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოახდენს პრობლემების წამოჭრას, რაც, უდაოდ გამოიწვევს მოსწავლეების ჩართულობას და, შესაბამისად, განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასაც. საშუალო განათლების საბოლოო მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – საზოგადოებას შემატოს საღად მოაზროვნე სუბიექტი, თუნდაც, მან აღარ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.”-  პედაგოგი 
პირველ რიგში გაკვეთილი უნდა იყოს კარგად დაგეგმილი,რომლის დროსაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კომპონენტები: მიზანი,წინარე ცოდნა,აქტივობები-შესაბამისი გაკვეთილის მიზანთან,სასწავლო მეთოდები-შესაბამისი აქტივობასთან,სასწავლო რესურსები,აქტივობისთვის დრო,კლასის ორგანიზების ფორმები, მიღწეულიშედეგი და შეფასება. – პედაგოგი 
 მუხრან გულიაშვილისასკოლო კვლევების ცენტრი

No comments:

Post a Comment